ლიტერატურულ-შემეცნებითი; ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... რომანები... მოთხრობები... ზღაპრები... პიესები... იუმორი... სატირა... პოეზია... თარგმანი... გამოცემული წიგნები და ჟურნალები... დეკლამაციური ინტერპრეტაციები… მხატვრობა... ფოტოქრონიკა... /\ Literary-cognitive; Information… Essay… Publicism… Novels… Stories… fairy tales… Plays… Humour... Satire… Poetry… Translation… The published books and magazines... Declamatory interpretations… Painting… Photography Chronicle...

четверг, 2 июля 2009 г.

ზღაპრები და იგავ-არაკები... fairy tales and Fables...

-->
ჯანრი გოგეშვილი
Janri Gogeshvili
”მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლა უფრო გასახაფავი”
/\
იყო ერთი ახოვანი და კეთილი კაცი. როცა უსამართლოებას შეამჩნევდა, მისი ხმა ხაფი, ძლიერი, მჭექარე, ზარდამცემი ხდებოდა თავისდა უნებლიეთ ისეთს დასჭექდა, რომ გაიძვერა და ყოყლოჩინა უცებ დაფრთხებოდა, თითქოსდა სასიკეთოდ აწრიალდებოდა. მაგრამ ხშირად იქვე მყოფი უდანაშაულო მოშიშიც ფრთხებოდა; გულსუსტ ქალსა და ბავშვსაც თავისი ემართებოდათ… ამიტომაც, ბევრი მის დანახვაზე იმალებოდა; ვინმე ცუღლუტის დასაშინებლად თავისებურად არ დასძახოს და გულები არ დაგვიხეთქოსო… წუხდა ვაჟკაცი და ერთხელაც არჩია სოფლის ყოველდღიურ ორომტრიალს გარიდებოდა. ტყესთან ახლოს ჩამომდინარე მდინარესთან დაიდო ბინა. აიშენა სახლი, გაიჩინა ძაღლი, მოაშენა შინაური პირუტყვი, და რადგან ადამიანთა უკეთურებას ნაკლებად ხედავდა, მოისვენა კიდეც. თუმც, ზოგჯერ მტაცებელი თუ შეაწუხებდა, ისეთს შემოსძახებდა, რომ დათვი, რომ დათვია, ისიც კი ბურტყუნით გარბოდა. მერე ამაზეც წუხდა და სურდა იმგვარ საქმეში დახელოვნებულიყო ადამიანებს თუ ქვეყანას ცხოვრებას, რომ გაულამაზებდა.
ერთხელ, ტყეში გაბნეულ პირუტყვს რომ დაეძებდა მოულოდნელად ვეებერთელა ქვებით ჩახერგილ ქვაბულთან აღმოჩნდა. ბავშვური ცნობისმოყვარეობა აღეძრა. ერთგან ღრეჩოს გაფართოება მოინდომა, მაგრამ შიგ თითი გაეჭედა და უნებლიეთ ძველებურად ხაფად დასჭექა. ქვები შეინძრა, ჩამოიშალა. კაცმა ქვაბულში შესვლა მოახერხა. ბადისებურად მოჩუქურთმებულ, მოხდენილ დარბაზში აღმოჩდა. გაოცებულს ვერ აეხსნა ბუნებისგან იყო ეს საოცრება თუ ადამიანების გონებასა და ხელს დაემშვენებინა იქაურობა… მერე ათინათებით მოქსოვილი ბადე შეამჩნია, იქითკენ წავიდა და წყება-წყება დალაგებული სხვადასხვა სისქისა და შეფერილობის ძაფების გორგალები იხილა. გულუბრყვილოდ შეფიქრიანდა; ნეტა, ძაფების ეს გროვები რაში უნდა გამოვიყენოო… უცებ წარმოსახვაში ბადის ქსოვით გართული პაპისპაპა გაუკრთა; ერთ დროს, სახელგანთქმულ მონადირედ, რომ იყო ცნობილი და მისი ხმა ჩაესმა: ”ეგ განძი, წინაპართა სულებმა შენ განდეს, შენვე უნდა მიხედო, შეგირდებიც გამორჩეულად უნდა შეარჩიო… უვიცმა თუ ჩაიგდო ხელში, სააქმეს წაახდენს და ძაფიც მადლს დაჰკარგავს”_ო…”. შემკრთალმა ძაფის ერთი შეკვრა თითებით ფრთხილად მოსინჯა. ძაფმა ხელზე თითქოს მიუალერსა და იგი მიხვდა, რომ მართლაც უჩვეულო რამესთან ჰქონდა საქმე… იმასაც მიხვდა, ეს სხვადასხვარიგად დახვეული ძაფები, აქ დიდი ხნის წინათ დაებინავებინათ. თუმც მტვერი არც ერთ მათგანს არ ედო და არც აბლაბუდა ეხვია. უმეტესობა თითქმის არ ჩანდა და ბუმბულზე უფრო მსუბუქი იყო… ალბათ, უძველესი და უჩვეულო მცენარეების ბოჭკოებისგან თუ იყო დამზადებული… კაცი ერთურთში სხვაგვარად ჩაწნულ სინათლის სხივებს დააკვირდა. ძაფის ერთი შედარებით პატარა გორგალი გაშალა, დაანაწევრა. ბოლოებით უნებლიეთ ათინათინებს გამოაბა და ქსოვას შეუდგა. ჩვეულებისამებრ ბადის ქსოვისას ძაფის ჯვარედინად გადანასკვის გარდა, სხვაგვარი უჩვეულო და უჩინარი თვალედების გაკეთებაც უწევდა… თავად ბაბაჭუებსაც კი შურდათ…
თავდაპირველად, თევზისა და ფრინველის მოსანადირებელ, დასაჭერ ბადეებს ქსოვდა, მალე სხვაგვარად გაიწაფა ხელობაში. მის მიერ მოქსოვილი ბადე მსუბუქზე მსუბუქი ხომ იყო; ამასთანავე ფრინველთან ან თევზთან ერთად მიფრინავდა თუ მიცურავდა, მათთვის დამახასიათებელ მოძრაობებს უნაკლოდ ასრულებდა თუ ფრინველი ან თევზი მხარს აუბამდა. ხომ კარგი, თავისუფალი იყო, თუ არადა, ბადის ტყვე ხდებოდა და ბადეც ნადავლთან ერთად პატრონთან ბრუნდებოდა.
მაგრამ თავად ბადის პატრონი თუ ზღაპრული, ფრთამალი წარმოსახვების ნაცადი ხელოვანი არ გახლდათ, მაშინ ბადე ერთს კი წამოფრინდებოდა ან წყალში შეცურდებოდა და მალევე პატრონის ფეხებთან ”ხელმოცარული” დავარდებოდა.
გამორჩეულნი ცოტანი იყვნენ, თუმც ამგვარ ”ინტელექტუალურ ბადეებზე” დიდი მოთხოვნილება იყო… თავის მოსაწონად მრავალი აივანზეც გამოჰფენდა ხოლმე… კაცი კი, ისე დახელოვნდა ამგვარ საქმეში, რამდენიმე მეოცნებე ქალბატონის დაჟინებული თხოვნით, მათი ფანტაზიების სანებივროდ ჰაეროვანი ჰამაკებიც მოქსოვა. და ძალზე გაუვარდა სახელი. ის კი ქსოვდა და ქსოვდა. უჩუმრად დღეობით შეიკეტებოდა გამოქვაბულში. ათინათები სხვადასხვაგვარად კვეთთენ ერთმანეთს, ისიც ქსოვის მორიგ ხერხს ეუფლებოდა…
მაგრამ წარმოსახვებში ვარჯიში ბევრს არ ეპიტნავებოდა… ზოგი მონადირე და მეთევზეც შურით ივსებოდა და კაცზე, ვითომდაც ხელისუფლების შესაფხიზლებლად გამოქვაბულში განმარტოებული კაცის თვითნებობასა თუ წესისა და რიგის არევის შესახებ ათასგავარ ჭორს ავრცელებდნენ… შეფიქრიანებულ კაცს ზოგჯერ წამოცდებოდა: ”მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლა უფრო გასახაფავი”, მაგრამ იქვე ახსენდებოდა, რომ ამგვარ დაჭექებაზე, ბევრ უდანაშაულო ადამიანსაც იპყრობდა შიში. ჰოდა, განმარტოებულმა წრფელი და ცრუ სიტყვების გამომცნობი ბადე მოქსოვა. თითოეულ თვალედს ”ხაფი ხმა” მცველად დაუყენა. მერე აბრეშუმზე ბევრად მსუბუქი ბადე ჯიბეში ჩაიდო და ნაცნობ მეთევზესთან ერთად ქალაქის სალაყბოსკენ გასწია. სალაყბოში ჭრელი ხალხი ირეოდა; ყველა ქვეყნის შველას იქადდა. ზოგს საქვეყნო საქმეების განსჯა-გაკვლევის სენი ბავშშვობიდანვე ”მოსდგამდა”. სხვისი სატკივარი არც ადარდებდა, მაგრამ გამუდმებით აქავებულ ენას მაინც იფხანდა და ზოგჯერ ისე ცხარედ შეჰყვებოდა კამათს, რომ გულუბრყვილო ადამიანებს თავიანთ ერთგულ მოსარჩლედ მიაჩნდათ.
უჩვეულო ბადეების მქსოველმა ერთხანს გულისყურით უსმინა სალაყბოსთვის ჩვეულ ყაყანს, მერე მშვიდად ამოიღო ჯიბიდან ლამის უჩინარი ძაფებიდან მოქსოვილი ბადე და მოლაყბეთა ზემოთ აისროლა. თავად წარმოსახვებში მაცდურ სიტყვებზე ნადირობა დაიწყო და ბადეც შესაშურად გაისარჯა; მოკამათენი ძველებურად კამათობდნენ, მაგრამ ვინც არაგულწრფელი იყო მისი სიტყვები აღარ ისმოდა, რადგან ბადე მათ დატყვევებას ასწრებდა… ბოლოს, ერთმა იგრძნო ეს და თავის დაკარგულ სიტყვას გამოედევნა, ბადიდან მისი გამოხსნა მოინდომა, მაგრამ თვალედის დამცველი ჩაირთო და მადევარის გონებაში რუსთველისეულმა ფრაზამ იჭექა: ”მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლა უფრო გასახაფავი”…
სალაყბო ასნაირი ჯურის თვირთმაქვიებისგან ანუ ვინაც წრფელად და გონივრულად ნაუბარს ვერ ჰგუობდა, მალე დაიცალა და ხალხმაც მშვიდად ამოისუნთქა.
ქვეყნის ყმაწვილების უმრავლესობა ”ინტელექტუალურ ბადეთა” მართვის ხელოვნებამ წრფელად გაიტაცა, კაცსაც შეგირდების შერჩევა არ გასჭირვებია და ქვეყანასაც ნელ-ნელა ეშველა.
თავის მოწაფეებთან ერთად განმარტოებული კაცი კი, კვლავ გატაცებით ქსოვდა და ქსოვდა… ბედნიერად განვლო ღვთისგან ამ მიწაზედ მისთვის განკუთვნილი დრო და მანძილი და იმქვეყნად ასე ქსოვა-ქსოვაში გადაინაცვლა…
2001
)(
საპნიქაფიას მზითევი
/\
იყო ერთი ლამაზი გოგო, მაგრამ ხელ-პირის დაბანა ეზარებოდა. ტან-ფეხის დაბანაზე ხომ სიტყვას ვერ გადაუკრავდით, უმალ ისეთ წიოკს ატეხდა, რომ შეწუხებული მეზობლები სახლიდან გარბოდნენ.
ის კი არა, ასეთ ჭიჭყინას ფრინველები და ცხოველებიც უფრთხოდნენ და რა თქმა უნდა, მის სლამაზეს ვერც ვერავინ ამჩნევდა.
ბოლოს და ბოლოს, მის დედიკოსაც, მოთმინების ფიალა აევსო, მოჰკიდა ხელი თავის ჭირვეულ გოგოს და ქალაქიდან შორზე შორს მდგომ ძველ სახლში მცხოვრებ თავის ბებოს ჩაუყვანა აღსაზრდელად, იქნებ ეგ ჭირვეული და თავნება, როგორმე შენ მოარჯულოო.
ბებომ დაიტოვა ლამაზი, მაგრამ პირდაუბანელი გოგო, საღამოს დიდი ქვაბით წყალი გააცხელა, მერე ასევე დიდ ვარცლში გაანელა და ისეთი სურნელოვანი საპნით ააქაფა, რომ გაბუტულ გოგოს ცნობისმოყვარეობამ წასძლია, ჭიჭყინს უკლო, მერე ცდუნებას ვერ გაუძლო, ტანსაცმელი გაიძრო და ვარცლში ჩახტა.
ტანიც თავისით გაისაპნა. საპნის სურნელმა თავბრუ დაახვია…
უცებ მომხიბლავი კისკისი მოესმა, თვალი ძლივს დააჭყიტა და ნახა, რომ მის გარშემო ნაირფერი საპნის ბუშტები ხტოდნენ და კისკისებდნენ, ზოგი ისე გულიანად იცინოდა, რომ ჭერამდე ახტებოდა ხოლმე, ზოგიც სკდებოდა, მაგრამ მათ ადგილზე უმალვე ჩნდებოდნენ სხვა ბუშტები.
მათი ცქერით გართულ გოგოს ჭიჭყინი აზრადაც არ მოსვლია. გახალისდა, წაიმღერა კიდეც და საპნების ნაირფერად ბუშტებთან თამაშით გართულს, ქაფმოდებული წყლიდან ამოსვლა აღარ უნდოდა.
მალე სულ მთლად შეიცვალა, უშუალო, ხალისიანი და მოსიყვარულე შეიქმნა. ჩვეულებრივად ექცა ყოველ დილით ხელ-პირის დაბანა, ხოლო, როცა ბებო არ დაიზარებდა და ტან-ფეხის დასაბანად განკუთვნილ კედელზე ჩამოკიდებულ დიდ ვარცლს ჩამოიღებდა, სიხარულით აღარ იყო.
განსაკუთრებით ფერად-ფერად საპნების აქაფება უყვარდა, რადგან, რაც უფრო ძალუმად ააქაფებდა ამა თუ იმ საპონს, მით უფრო ბევრი გულიანად მოკისკისე ბუშტი ჩნდებოდა. მათთან ერთად გოგოც იწყებდა გულიან სიცილს, საარაკო სურნელიც მძაფრად ედებოდა მის სხეულს… ვარცლიდან ამოსული სიცოცხლითა ხალისით იყო სავსე.
ბებოს საპონას ფესურების და მინდვრის ყვავილების შეგროვებაში ეხმარებოდა. ჩიტები გალობა-სტვენით დასტრიალებდნენ, აღარც ცხოველები უფრთხოდნენ და ხან შვილის ნუკრს ეფერებოდა, ხანაც ბაჭიას…
საპნის ხარშვისას აქაფებულ ქვაბთან ტრიალებდა, დედაბერის შელოცვებსა და დარიგებებს გულისყურით ისმენდა… შიგადაშიგ ლამაზად წაიმღერებდა…
მერე დედამ ჩამოაკითხა, ნახა თავისი დაბანილი, გამშვენიერებული გოგო და სიხარულის ცრემლები ჩამოყარა.
-სექტემბერში სკოლაში უნდა მივიყვანო…-გაამხილა ბოლოს.
ცოტა ხნით კიდევ დამიტოვე, ბარემ ყვავილების ნექტარით სხვადასხვაგვარად შენელებულ საპნების მოხარშვასაც ვასწავლი, ამ საიდუმლოს მცოდნე ჩვენს მხარეში, მხოლოდ ჩემი გვარის უხუცესი ქალები იყვნენ, მათგან კი მხოლოდ მე შემოვრჩიო… -შეაპარა ბებომ.
ახლა, საპონს შინ ვინღა ხარშავს, უამრავი საზღვარგარეთული ფირმა ფანტასტიკური არომატებით შეზავებულ საპნებს უშვებს და რაღამც ჩემი გოგო ხელ-პირის დაბანას მიეჩვია, მაგ სიკეთეს აღარ მოვაკლებო… არ დაუჯერა მან.
მე რომ საპონს ვხარშავ, ისეთს ვერავითარი ქოქოსის ზეთით და ცხიმებით ვერ შეანელებო, გააფრთხილა მოხუცმა…
მაგრამ ნაირ-ნაირ საპნებით განებივრებულმა შვილიშვილმა შორს დაიჭირა. მოხუცსაც რაღა დარჩენოდა, სხვა რამერუმესთან ერთად წინა ჯერზე მოხარშული საპნიდან დარჩენილი ძელაკები ფარულად ჩაუდო ჩანთაში.
გამომშვიდობებისას პატარა კერსათან დალოცა, ფუძის ანგელოზს შეავედრა და დედა-შვილი ლოცვა-კურთხევით გამოისტუმრა.
ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა, დაბანას მიჩვეულ გოგოს ახლობლები ნაირ-ნაირი საპნებით ასაჩუქრებდნენ და ისიც შემთხვევის მიცემისთანავე მათი აქაფებით ერთობოდა… საპნის ბუშტებიც ჩვეულებისამებრ ჩნდებოდნენ, თითქოს სურნელსაც აფრქვევდნენ, მაგრამ კისკისი და მხიარული თამაში ნამდვილად არ ეხერხებოდათ. კი გამოერეოდა ერთი-ორი, ცოტას წაიკისკისებდა და ქრებოდა. გოგო ნანობდა ბუშტებთან ძველებურად, რომ ვერ ლაღობდა, მაგრამ ბებოს სასაპნეთიდან გამოყოლილი სიხალისის წყალობით მოსაწყენად ვეღარ იცლიდა…
ძალიან, ძალიან შეუყუვარდა სისუფთავე; დედას, ვისაც მარტოდმარტოს უწევდა მისი აღზრდა, სარეცხის რეცხვასა და ბინის დალაგებაში ხშირად ეხმარებოდა…
ბებო უკვე გარდაცვლილიყო…
გოგო ხშირად იგონებდა მოხუცს, ის სურნელი, რასაც მაშინ, მის მიერ მონახარში საპნით დაბანისას გრძნობდა, რაღაცით სხვაგვარად ახსენებდა თავს…
გავიდა წლები, კოხტა, თვალებსხივა გოგოს თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ.
მას კი, ერთი დიდვაჭრის მოხდენილი ვაჟი შეუყვარდა.
დიდვაჭარი იმ მაღაზიების მფლობელი გახლდათ, რომლებშიც უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი, თავისებურად სურნელოვანი, ნაირფერადი, შამპუნებით და ნელსაცხებლებით ვაჭრობდნენ.
მთელს ქალაქში ამგვარი საპნებისა და ინანთეულის რეკლამები იყო გამოფენილი.
ჟურნალ-გაზეთების გვერდებიც მათი რეკლამებით იყო აჭრელებული.
ტელე-რადიო არხებზეც ხომ ყოველ ხუთ წუთში მათ ხოტბა-დიდებას გაიგონებდით.
ათასგვარ საპნის, შამპუნის, სუნამოსა და სხვადასხვა ნელსაცხებლის არომატით გაბეზრებულ დიდვაჭრის ერთადერთ მემკვიდრეს, ყოველდღე ჯგროდ ეხვია ლამაზმანები და საპნიქაფიასკენ ვინ გამოახედებდა.
კოხტა, თვალებსხივა, სისუფთავით განთქმულ გოგოს კი, ოცნების მეტი აღარაფერი დარჩენოდა და მოიწყინა კიდეც. ერთი-ორჯერ ტირილით იჯერა გული…
დედა საზღვარგარეთ წასულიყო, სამუშაოს ძებნაში გადაკარგული ქმრის საპოვნელად და შვილს, შიგადაშიგ, ტელეფონით ორიოდე წუთით თუ მ ოიკითხავდა…
საპნიქაფიაც მარტო იყო თავის დარდთან…
ერთხელ ნამტირალევზე სახლის დალაგებით იოხებდა გულს… მოულოდნელად საკუჭნაოს ზედა თაროზე, დიდი ხნის წინათ გადანახულ, ბებოს გამოტანებულ საპნის ძელაკებს წააწყდა. სათუთად შეეხო მათ და ცხარე ცრემლი წასკდა.
ცრემლებით დანამულმა ძელაკებმა საოცარი სურნელი დააფრქვიეს,,,
გოგომ ერთი მათგანი მკერდზე მიიკრა და დასაბანად გაქანდა. წყლით სავსე აბაზანა, ისე როგორც ბავშვობაში ძალუმად ააქაფა…
კისკისა ბუშტებიც უმალვე გაჩნდნენ. ისე წრფელად, ისე საამოდ კისკისებდნენ და ხტოდნენ, რომ გოგოს ყველა დარდი უმალ გადაავიწყდა. სურნელოვან, სხვადასხვაფრად აკიაფებულ ქაფში გახვეულმა მალე იგრძნო, რომ მისი თმა და სხეული, რაღაც იდუმალი, მათრობელა არომატით შეივსო.
ნაირფერადმა ბუშტებმა თავისებურად მიუმღერეს. გოგოც ამღერდა და ისე, როგორც ბავშვობაში ჩვეოდა წრფელად აკისკისდა.
-საპნის ბუშტების დედოფალა, დაისვი რომელიმე ჩვენთაგანი ხელისგულზე, ჩაუთქვი, გამჭვირვალე სურვილი და აგისრულდება…-მოსმა უეცრად ქაფიდან ბებოს ხმა.
გოგო არც კი დაფიქრებულა, გაშვერილ ხელისგულზე დაფრენილ იისფერ ბუშტს უმალვე შესთხოვა…
იქნებ, როგორმე ის ბიჭი ჩემით დაინტერესდესო…
ეგ ადვილიაო, იისფერ ხმაზე მიუგო ხელისგულზე ათამაშებულმა ბუშტმა, ამოდი აბაზანიდან, ტანი მსუბუქად შეიმშრალე, კოხტად გამოეწყვე, ოღონდ არავითარი სუნამო არ შეისხურო, ბებოს საპნის სურნელი გაიყოლიე, იყავი უშუალო და თამამი, როგორც ადრე გჩვეოდა, სხვას თავად ნახავო…
საპნიქაფიას წამითაც არ დაუყოვნებია, ადგა, შეიმშრალა, მერე მოხდენილად გამოეწყო და დიდვაჭრის მაღაზიებისკენ გასწია, სადაც ლამაზმანებთან მოტრიალე ვაჟი ეგულებოდა…
ბებოს ნახელავი საპნით დაბანილი, კოხტა, თვალებსხივა გოგოს გამოჩენაზე ქუჩის განაპირას დარგულმა ყვავილებმა და ხეთა ფოთლებმა ერთმანეთში ხალისიანი ჩურჩული ატეხეს.
ნახეთ, საპნიქაფია, რა საოცნებო სურნელს აფრქვევსო…
იმ სურნელით მოხიბლული ზოგი ყვავილი მოწიწების ნიშნად თავსაც კი ხრიდა მის წინაშე.
სატრფოზე მეოცნებე გოგო ბუნებას შეჰხაროდა, ჩიტების სტვენა-გალობასა და ჟივჟივს ფარულად ეხმიანებოდა.
მიაგნო, თუ არა ვაჟს, რომელიც სუნამოს საყიდლად შესულ ლამაზმანს ეკურკურებოდა, მისდა გასაკვირად ძველებურად კი არ დაიმორცხვა, პირიქით ხალისიანად და გამომწვევად ჩაუარა გვერდზე…
სხვა ქალით გატაცებული ვაჟი, უცებ რაღაც სხვაგვარად შეკრთა, ჰაერი ფრთხილად შეიყნოსა და მოხდენილ გოგოს, სიხალისესა და გაზაფხულის სურნელს, რომ აფრქვევდა ცნობისმოყვარედ გახედა…
ეგ გოგო ნეტა, რომელ სუნამოს ხმარობსო, გაფაციცდნენ ქალები და დაიწყეს მარჩიელობა, ფრანგული სუნამო ”კვირტები” თუ ”სხივთა ჰარმონია” გამოსცემს ასე არომატიდან არომატში გარდამავალ თავბრუდამხვევ სურნელსო…
დიდვაჭრის ვაჟი აფორიაქდა, გოგო, რომელსაც ადრე უბრალოდ ვერ ამჩნევდა, ახლა ერთი ნახვით შეუყვარდა.
გამოეკიდა, გაეცნო და მისი უშუალობით, სიხალისითა და თმის სურნელით გაბრუებულმა მრავალი საალერსო სიტყვა უთხრა…
დახეთ, დახეთ საპნიქაფიას მომხიბვლელობამ დიდვაჭრის ვაჟი ისე გაახელა გასაქანს არ აძლევსო, ჭორაობდნენ ერთმანეთში ყვავილები და ბებოს მოხარშულ საპნის ზღაპრულ სურნელზე ათასგვარ საარაკო ამბებს ყვებოდნენ…
ვაჟი, მართლაც ვერ ძღებოდა კოხტა, თვალებსხივა გოგოსთან ყოფნით, მისი ამგვარი ყურადღებით განებივრებული საპნიქაფიაც გათამამდა, ვაჟს თავისი უსაზღვრო სიყვარული გაუმხილა და მალე იქორწინეს კიდეც…
საპატარძლომ ბებოს სახსოვარი საპნის ძელაკები, რა თქმა უნდა, მზითევში გაიყოლია.
დიდვაჭარი და მისი ცოლი უკმაყოფილონი იყვნენ, ასეთი ღარიბი ოჯახიდან გამოსული, უმზითვო რძალი რა ჩვენი შესაფერისი იყოო, მაგრამ ერთადერთი ვაჟიშვილის განაწყენებას ერიდებოდნენ და დარდს არ იმჩნევდნენ…
თანაც ახალდაქორწინებულები ხშირად მოგზაურობდნენ. დიდვაჭრის ვაჟი გიჟდებოდა ქალზე, მისი ალერსით ვერ ძღებოდა და რა თქმა უნდა, ყველა ნატვრას უსრულებდა.
ქალსაც რაღა უნდოდა, სიყვარულით მთვარალი აღარაფერზე დარდობდა.
მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ბებოსეული საპონი გათავებულიყო.
არ შეიტეხა, იფიქრა ჩემს გულისტოლს, უკვე ისე ძლიერ ვუყვარვარ აწ მის მაღაზიებში გამოფენილ საქვეყნოდ ცნობილ საპნებითაც იოლად გავალო.
მალევე მიხვდა, რომ მწარედ შეცდა… ძველებურად ვეღარ ხალისობდა, ჭინჭყლაობაც დასჩემდა.
ვაჟს გაღიაზიანება დაეტყო, გეგონებოდათ შინ სუნთქვა უჭირსო და სულ გარე-გარე იწყო სირბილი.
საპნიქაფიამ თითქმის ყველა ცნობილი ფირმის საპონი მოსინჯა, მაგრამ არცერთმა არ უშველა.
გაახსენდა ბებოსეულ საპნის ბუშტებს, მისი სურვილების შესრულება, რომ შეეძლო, მაგრამ შინ ნამცეციც აღარ მოეპოვებოდა.
გადაწყვიტა არ შეყოვნებულიყო და ბებოს დანატოვარი ძველისძველი სახლი მოენახილებინა.
იმედი გაუჩნდა, იქნებ მის საკუჭნაოში ჯადოსნური საპნის ცოტაოდენ მარაგს წავაწყდეო.
ჩაჯდა ქმრის ნაჩუქარ ავტომობილში და იქითკენ გასწია.
სახლი ერთიანად გადაჩხრიკა, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაფშხვენს მიაგნო. მოუთმენლად ააქაფა, ქაფიდან წამოფრენილ ერთადერთ ვარდისფერ ბუშტს ხელისგული შეუშვირა და იმის მაგივრად, რომ სურვილის ახდენა ეთხოვა უსაყვედურა, ჩემმა ქმარმა ჩემზედ გული აიყარა, ჩემს წინანდელ ნატვრას ყავლი გაუვიდა თუ რა ხდებაო…
როგორც ვიცი შენ ჩემს უფროს ძამიკოს, იისფერ ბუშტს სთხოვე, დიდვაჭრის შვილი ჩემით დაინტერესდესო, დაინტერესდა კიდეც, მერე დრო მოვიდა და სხვა ინტერესი გაუჩნდა, შენ კი ძველი ჭინჭყლი მოგერია, შენ რომ უფრო გამჭვირვალე ნატვრა ჩაგეთქვა და გეთხოვა, მუდამ ისე ხალისიანი და მიმზიდველი ვიყო ჩემი გულისტოლი ჩემთან ყოფნით ვერ ძღებოდესო, მაშინ შენზე გულის აყრას ვერც მოახერხებდაო, იქით უსაყვედურა ბუშტმა და გაქრა.
ქაფიც წყალს გაყვა და დაილია…
საპნიქაფია გამოფხიზლდა, ახლი კი მიხვდა გამჭირვალე ნატვრა რა შინაარსისა უნდა ყოფილიყო, კვლავ დაფაცურდა, მაგრამ, ჯადოსნური საპნის ნამცეცსაც კი ვეღარსად მიაგნო.
თუმც, ერთგან გაცრეცილ რვეულში, ბებოს ჩანაწერებს წააწყდა, გულში ჩაიკრა, მერე საწოლზე მიწვა, ჩანაწერების კითხვას დანატრებულივით შეუდგა, ოღონდ დაღლილს მალე ჩაეძინა.
”მიშველე ბებო, მიშველე ჩემო საყვარელო…” ქვითინებდა ძილში.
და შუაღამისას, როცა ახალმა მთვარემ ფანჯარას იდუმალი სხივი მოჰფინა ბებეოც გამოეცხადა.
-გიშველი საყვარელო,-თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი, - მაგრამ გარჯას ნუ დაიზარებ… მდინარის პირას ბუჩქნარებში საპონას იპოვი, გაიხსენე თეთრს ან ვარდისფერ ყვავილებს ისხამს, მოაგროვებ, მის ფესურებს დაუმატებ ყვავილების ფიქრს და…- მოულოდნელად ბებოს ხილვით გახარებულ საპნიქაფიას გამოეღვიძა და რა თქმა უნდა, მოჩვენებაც გაქრა…
საპონა ჰო, გამიგია, მაგრამ ყვავილების ფიქრი ნეტა რაღააო, აღელდა ფანჯარაში მოჩინარ მთვარეს შეჩერებული.
ამას ყვავილების ალერსში მიხვდებიო, ჩამოსჩურჩულა ბებოს ზმანების ნაკვალევზე მილეულმა სხივმა.
საპნიქაფია ჯერ შეეცადა ბებოს ჩანაწერებში აღმოეჩინა პასუხი, მაგრამ გულმა არ მოუთმინა, სისხამ დილით ადგა და შორიახლო მდებარე მდელოს მიაშურა.
პირველსავე ყვავილს მიუალერსა და მზის ამოსვლას მიაპყრო სევდიანი მზერა.
უეცრად, ფუტკრის ზუზუნი მოესმა…
იქვე, მარტოხელა ფუტკარი ერთ წითელ ყაყაჩოს უბეში ჩაეკონა და საპნიქაფიას, თითქოს მისი თაფლივით ტკბილი ხმა მოესმა:
”შენი ფიქრით დამატკბე, მე კი, მერე სხვას ვარგებ…”
აი, თურმე რა ყოფილა ყვავილების ფიქრიო, გაიხარა ქალმა და ფუტკარს შეევედრა, ფუტკარო, საყვარელო, ნექტარი მომიგროვეო…
-მერე მე, ხელცარიელს სკაში ვინ შემიშვებსო?!
-ზუზუნით ამცნო მან და დაარიგა, მაგ ნექტარს მადლი მაშინ დაჰყვება თუ თავად შენ შეაგროვებო…
-მე მაგას როგორ შევძლებ?!-დაიბნა ქალი,-ჩემი თითები ხომ მაგ საქმისთვის არ გამოდგება, შენთვის კი ღმერთს მშვენიერი ხორთუმი მოუცია, რომლის მეოხებით სხვა მწერისთვის მიუწვდომელ ბუტკოდანაც მშვენივრად ახერხებ სიტკბოსა და სურნელის ამოწოვას…
ეს მართალია, მაგრამ თითოეულ ყვავილს, ჯერ ლოცვით, რომ არ ვუვლიდე გარშემო, ისე ვერაფერს გავახერხებო, ამცნო ფუტკარმა და ნექტრით დატვირთული სკისაკენ გაფრინდა.
-შენი ფიქრით დამატკბე, მე კი, მერე სხვას ვარგებ…- წამოიწყო სისხლისფერ ყაყაჩოსთან ჩამუხლულმა საპნიქაფიამ, თან მის ზემოთ ხელისგულები სათუთად მიმოატარა.
მერე მთელი მდელო, ისე მუხლებზე მყოფმა ლოცვა-ვედრებით შემოიარა და ყვავილების უბეებიდან მის ხელისგულებზე ნექტარმა იწყო აკვრა.
უკან დაბრუნებული, ბებოს დანატოვარ სახლში ჩამავალი მზის სხივებმა შეაცილეს.
ქალმა ერთიანად დანექტრილი ხელისგულები ბებოს ნაქონ, საპონას ფესურებით სანახევროდ სავსე ქვაბში ჩაიბანა, მერე ქვაბი ცეცხლზე შემოდგა, ბებოსეული შელოცვა თრთოლვით წარმოთქვა და მთელი დღის ჯაფით დაღლილი, კვლავ ბებოსეულ საწოლზე გაშლილ ლოგინზე წამოწვა.
მალე ჩაეძინა კიდეც…
ცეცხლზე შემოდგმულმა ქვაბმა საოცარი სურნელი დაატრიალა…
გამთენიისას ნექტარმოდებული საპონას ფესურები ისე ძალუმად აქაფდა, რომ ქვაბიდან უამრავზე უამრავი ნაირფერადი საპნის ბუშტი კისკისით ამოფრინდა და ქვეყნიერებას მოეფინა.
თუ სადმე ერთმანეთთან გაბუტული შეყვარებული იყო, ყველამ უცებ მიივიწყა წყენა…
საპნიქაფია ქმრის მხურვალე კოცნამ გამოაღვიძა.
ბუშტებმა ამბავი მომიტანეს, როგორ გყვარებივარ, ახლა მივხვდი, რომ მარტო ამ ჯადოსნური სურნელისთვის კი არა შენი ქალური მომხიბვლელობისთვის გაღმერთებო, მხურვალედ შესჩურჩულა ვაჟმა, სახე დაუკოცნა და მკერდში ჩაიკრა. ერთმა მეტისმეტად გაბერილმა ბუშტმა კისკის-ხარხარითაც კი გადაუფრინათ თავზე…
”შენი ფიქრით დამატკბე, მე კი, მერე სხვას ვარგებ…” მიიმღეროდნენ ლამაზუნა ბუშტები, უიმედოდ შეყვარებულებს ცხვირებზე ასკუპდებოდნენ, გამჭვირვალე სურვილების ახდენას პირდებოდნენ…
ყველა საპნიქაფიას მოხარშულ საპონს ნატრობდა…
მალე ხმა გავრცელდა, ფირმების ქიშპში გამოჩეკილი მავნე მიკრობების ზეგავლენით, ცხიმების გასაპნებისთვის საჭირო არომატულმა ნივთიერებებმა გადაგვარება იწყესო…
რაღა ექნა დიდვაჭრის შვილს, ადგა თავის მომხიბვლელ საპნიქაფიასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოები გაამართვინა და ბებოს დანატოვარი რეცეპტების მიხედვით, სხვადასხვა სახის საპნების დამზადებასა და გამოშვებას შეუდგა.
მაგრამ შეყვარებულთა არმიას, მაინც ვერა და ვერ აუდიოდა…
აი მზითევიც ამას ჰქვიაო, იძახდა ხალხი, წინაპართა კვალობაზე დახელოვნებული ბებოსგან ნასწავლი საქმე, ყველაზე ძვირფასი მზითევი გამოდგაო…
ახლა, დღეს, გათენებისას, ჰაერში უამრავი ნაირფერადი ბუშტი კისკის-თამაშით დაფრინავს…
ვინც შეყვარებულია და ფხიზლობს, რომელიმე ლამაზუნა, კისკისა ბუშტი ხელისგულზე აუცილებლად დააფრინდება და გამჭვირვალე, სანუკვარი ნატვრის ახდენასაც წინ არაფერი დაუდგება…
პლიყვისგან ჩაყლაპული ტბა და აქვარიუმში გაჭედილი ლოქო
/\

ერთ პაწაწინა ტბასთან ჩოჩორი, კოზაკი და პლიყვი ერთად ბინადრობდნენ და ერთმანეთის ბაძვაში იზრდებოდნენ...
ჩოჩორის მშობლები ვირდედა და ვირმამა იქვე შორიახლო მოჯამაგირეებად იდგნენ. კოზაკის მშობლებს აქლემიდასა და აქლემიდს ხშირად უწევდათ მივლინებაში სიარული და პირმშო თვეობით მეზობლების იმედზე ჰყავდათ დატოვებული. პლიყვის დედ-მამა სპილოდგმულა და მამონტულა იქვე ტბასთან ახლოს სხვა სპილოებთან ერთად ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობდნენ…
პატარები ხშირად რჩებოდნენ ერთად, მშობლებზე ათას საარაკო ამბავს იგონებდნენ: ვთქვათ ვირდედამ როგორ ჩასცხო ტლინკი წუწკ მგელს… აქლემიდმა კი, როგორ იხსნა უდაბნოს ქვიშაში ჩაფლული ავი კაცი, ვინაც მერე თურმე დამონება დაუპირა… სპილოდგმულმა და მამონტულამ კი, როგორ შეაკავეს ტორნადოსგან მოგლეჯილი უზარმაზარი ხე, რომელიც იმ ავზნიან ქარს მახლობელ აგარაკისკენ უნდა წაეღო და თურმე ანიტასა და ჯაკომანდროს საყვარელ საქანელას უმიზნებდა…
ბოლო შემთხვევა სრულებით არ ჩანდა სიმართლეს მოკლებული, რადგან მადლიერების ნიშნად ბავშვებს პლიყვთან ხშირად მოჰქონდათ ნუგბარი, ვთქვათ… მაგრამ არ გვინდა ამაზე, რადგან ისინი არც ჩოჩორს და კოზაკს ტოვებდნენ უყურადღებოდ…
ჩოჩორი, კოზაკი და პლიყვი თავისებურად ცდილობდნენ სულაც არ ყოფილიყვნენ მოსაწყენი მასპინძლები და პაწია ტბის სანაპიროსთან პირდაპირ ცირკს მართავდნენ…
მაგრამ ერთხელ პლიყვი მიხვდა ბავშვებს მოსწყენოდათ ”საცირკო ნომრები”, მათთან ერთად სანაპიროსთან ხტუნაობა და წუწაობა და მეგობრები სამოგზაუროდ მიიწვია…
-ტბის მოპირდაპირე მხარეს, ლელიანით დაფარული სანაპიროდან, ერთი საკმაოდ მოზრდილი მდინარე იღებს სათავეს, რომელიც თურმე ზღვაში ჩაედინება, ზღვა კი, უეჭველია ოკეანეს ერთვის…- მოჰყვა მტკიცებას პლიყვი.
მას კი, იქაური ამბები მეგობრებზე უკეთ უნდა სცოდნოდა, რადგან მისი მშობლები სპილოდგმულა და მამაონტულა ზუსტად იმ მხარეში ეზიდებოდნენ ვეება მორებს…
ამიტომაც პატარები თავიდანვე შორეული მოგზაურობისთვის განეწყვნენ. პლიყვმა ექსპედიციის კაპიტნად ჯაკომანდრო შეასახელა.
ჩოჩორმა, თუმც ჯერ წესიერი ყროყინიც არ იცოდა, მაინც ნათლად გამოხატა თავისი თანხმობა, უბრალოდ დააცემინა.
კაპიტანიც არ შეყოვნებულა, გემს იუნგა სჭირდება, იუნგობას კი, ჩემი და ანიტა გასწევს, ანძაზეც მარჯვედ აცოცდება და აფრასაც მსწრაფლ გაშლისო, რიხით განაცხადა. ანიტამაც ჩვეული გამჭრიახობითა და გზნებით აიტაცა ეგ ამბავი, მეგობრები შეაგულიანა, იუნგობასთან ერთად ლამის კაპიტნობაც ითავა და ანძისთვის ფერდობზე მდგარ ხეებს შორის ჯერ კიდევ ნორჩი, მაგრამ ტანმაღალი იფნის ხე შეარჩია.
პლიყვმაც არ დააყოვნა, ისიც დარწმუნებული იყო გემის მშენებლობა ანძით უნდა დაეწყოთ. სახრესავით მოქნილ ხის ტანს ხორთუმი მოსდო და მოთხრა მოუნდომა. იფანმა, ძალადობა ასე არ უნდაო, წვერო სახრესავით შემოსცხო ტაკუნებზე. პლიყვი დაფრთხა, თავქვე დაგორდა და წყალში ზურგით მოადინა ტყაპანი…
პლიყვმა გემი გააკეთა და უჩვენოდ მიცურავსო, წამოიყროყინა ჩოჩორმა, რომელიც უკვე ვირობას ცდილობდა. გაქანდა და პლიყვს ზედ მუცელზე დაახტა.
-შტურმანი მე ვიქნები!- შესძახა რიხით.
კოზაკმა ცოხნას თავი ანება, გაახსენდა მისი ჯიში უდაბნოს გემად რომ იყო ცნობილი, არა, არა, შტურმანობა მე მეკუთვნისო, წამოხტა და ისიც პლიყვის მუცელზე მოექცა.
-ვაი, მამიკო, მამონტულა!-დაიჩივლა პლიყვმა.
ანიტა გაცხარდა, როგორ არ გრცხვენიათ, კაპიტნის გარეშე სად მიცურავთო, ძამიკოს ხელი ჩაავლო, მასთან ერთად ისკუპა და ორივენი ჩოჩრისა და კოზაკის ზურგებზე აღმოჩნდნენ.
ჯაკომანდროს კოზაკის კუზებშუა მარჯვენა ფეხი ედგა, ანიტას მარცხენა, მარჯვენათი კი ჩოჩორს ეყრდნობოდა, ზედ კაპიტნის მარცხენა ფეხი მიტყუპებოდა; მოკლედ ზურგშექცევით იდგნენ.
-საჭე მარჯვნივ!-გასცა ბრძანება კაპიტანმა.
-საჭე მარცხნივ!-არ დათმო პოზიცია იუნგამ.
პლიყვმა ეგ რომ გაიგო, მეგობრებს როგორ დავაღალატიანებ, რაკი გემზე გონიათ თავი, აუცილებლად გემობა უნდა გავწიოო, მამიკო-მამონტულას ძახილს თავი მიანება, ფეხები ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ შეაქანია, კიდევ უფრო გაიბერა, ხორთუმი აღმართა, ხმა საყვირივით ამოუშვა, ყურები წყალში შეათამაშა და გასცურა.
აი, ანძაცო, წყლის ზედაპირზე აშვერილი ხორთუმის დანახვით გახარებულმა ანიტამ, თავსაფარი შემოიძრო, ხორთუმზე გამოაბა, ჯიბიდან გამადიდებელი შუშა ამოიღო და თუმც შუშა ჭოგრიტი როდი იყო, მიდამო ვითომდაც მედიდურად მიმოათვალიერა. მერე სიამაყით დააშტერდა პლიყვის ხორთუმზე აღმართულ იალქანს, კარგი იქნება ზედ მზის ემბლემას თუ ამოვქარგავო, დაასკვნა გულუბრყვილოდ და მზისკენ მიშვერილი გამადიდებელი შუშა თავსაფრისკენ მიმართა.
თავსაფარი აალდა.
ხანძარი, ვიწვითო, აყროყინდა საგუშაგოზე მდგარი ვირი. პლიყვი დაფრთხა, ”გემი” რომ იყო და მგზავრები გადაჰყადა დაავიწყდა, უცებ სახანძრო მანქანად გადაიქცა, აალებულთავსაფრიანი ხორთუმი ანუ ცეცხლმოდებული ანძა ტბაში დურთა, წყალი გამეტებით და ღრმად შეისუნთქა და უსაზღვროდ გაბერილი თავის ეკიპაჟიანად ერთბაშად ამომშრალი ტბის ფსკერზე აღმოჩნდა…
გვიშველეთ, ვიღრჩობითო, აჭყლოპინდნენ ტბის ფსკერზე დარჩენილი თევზები და ათასგვარი წვრილფეხობა…
პლიყვს წყლის ამოსხმა სურდა, მაგრამ თავსაფარი ხორთუმში ჩაჩურთვოდა და ეგდო ისე, გაბერილი რუმბივით.
ნახეთ ტბის ფსკერი, როგორი დაბინძურებულია, რა არ ჩაუყრიათ შიგო, განაწყენდა ანიტა.
რა დროს ეგაა, თუ პლიყვმა წყალი დროზე არ ამოასხა, ეს საცოდავი თევზები სულ ერთიანად დაიღუპებიანო, გაუწყრა ჯაკომანდრო.
არა, ერთიანად არა, აგერ იქ, პირქვეჩამხობილი აქვარიუმია, ეტყობა ვიღაცას ტბაში გადაუგდია, შიგ წყალია ჩარჩენილი, ვინც შიგ შეძრომას მოახერხებს, გადარჩებაო, რატომღაც ჩოჩორს ჩასძახა კოზაკმა.
ეს რომ თევზებმა გაიგეს, ყველა იმ აქვარიუმისკენ დაიძრა, თავგანწირვით მისხმარტალებდნენ. შეიქმნა ერთი ზედახორა. ერთმა მუტრუკელა ლოქომ, პატარების დაჩაგვრაში რომ იყი გაწაფული, კუდით ყველანი მიმოყარა, თავით მიწა გათხარა და აქვარიუმში შეძვრა, მაგრამ შიგ გაიჭედა და წყალიც დაიღვარა. თევზებს ბოლო იმედი წაერთვათ.
აქეთ კი, რუმბივით გაბერილი პლიყვი საცა იყო გაიგუდებოდა. ამ დროს, თევზების საცოდაობით გულმოწურულმა ჯაკომანდრომ მოისაზრა და ბრძანება გასცა:
-ეკიპაჟო, ისმინეთ ჩემი ბრძანება, სამ დათვლაზე ყველანი ერთად ახტით და პლიყვს მთელი ძალით დაახტით!
და თვლა დაიწყო. მერე ეკიპაჟი ერთდროულად ახტა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ანიტა ყველაზე მაღლა აფრინდა, ჯაკომანდრო შედარებით უფრო დაბალზე ახტა, მერე ვირმა იმარჯვა, კოზაკი ყველაზე დუნედ გაისარჯა და რა თქმა უნდა, პლიყვსაც პირველი ის დაახტა. უიღბლოს, ვირი კუზებშუა ხურჯინივით გადაეკიდა. ვირს ჯაკომანდრო მოექცა ზურგზე, ანიტა ძმას მხრებზე ფეხებით დაასკუპდა.
თითქოს ამას ელოდაო, პლიყვის ხორთუმში გაჩრილი თავსაფარი ზემოთ ამოვარდა და პლიყვის მუცლიდან წყალმაც შადრევანივით იფეთქა…
ტბა ისევ ტბად იქცა. მის ბინადართ ზუსტად, რომ დროზე მიუსწრო პლიყვის შადრევანმა.
მერე ყველანი ზემოთ ამოტივტივდნენ და მოგზაურობიდან დაბრუნებულებმა ნაპირისკენ გასცურეს.
-აი, ნამდვილი კაპიტანი, ტბა თავის ბინადრეებიანად გადაარჩინა!-შესძახა ძმის საზრიანობით მოხიბლულმა ანიტამ.
-ტბა კი გადარჩა, მაგრამ ახლა ჩემს მუცელს ჰკითხეთ რარიგ დაიბეჟაო, აბუზღუნდა პლიყვი და უცებ თავის აქვარიუმიანად მის ხორთუმზე ულვაშებით გამობმული ლოქო აყვირდა, სად მიმათრევ მე შენ, ლიფსიტა ხომ არ გგონივარო.
პლიყვი დაფრთხა, შეშინმებული უკანა ფეხებზე აიწია, მერე ლოქოს დანახვაზე სულ მთლად გადაირია, უკან გადაქანდა და ზურგზე გაწოლილი ისევ გემად იქცა.
პლიყვმა გემი გააკეთა და უჩვენოდ მიცურავსო. უმალ აყროყინდა გავირებული ჩოჩორი.
და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო… კოზაკი და ჩოჩორი მის მუცელს ლამის რწყილებივით დაახტნენ, მერე ერთს ანიტა დაასკუპდა ზურგზე, მეორეს ჯაკომანდრო.
აღმართეთ ანძაო, შესძახა კაპიტანმა. პლიყვმაც პატიოსნად ასწია ხორთუმი. აქვარიუმში გაჭედილი ლოქო გადაირია, ეს რა ხალხს გადავეყარეო. არ მინდა თქვენთან ერთად მოგზაურობაო, ულვაშები სულ მათრახივით ურტყა პლიყვს ხორთუმზე. პლიყვმაც საყვირივით ხმა გამოსცა და ლოქო თავის აქვარუმიანად პირდაპირ ტბის ფსკერზე მოისროლა.
-არ მინდა გაჭედილში ყოფნა! არ მინდა გაჭედილში ყოფნა!-ღნაოდა მუტრუკელა ლოქო.
ხარბს და პატარების დამჩაგვრელს ასე მოუხდებაო, ნიშნის მოგებით იძახდნენ აქვარიუმის გარშემო მოტრიალე ციცქნა თევზები. პლიყვი კი, საცა იყო ლელიანს მიაღწევდა. იმედოვნებდა, რომ იქ, მის მიერ გამოგონილი ზღვისკენ მიმავალი მდინარის სათავე, ნამდვილად არ აღმოჩნდებოდა და გულში იფიცებოდა თუ პლიყვობას დავიბრუნებ, აღარასოდეს ვიცრუებო…

=======
)(

ბ უ რ ბ უ ლ ა კ ი
/\
ბურბულაკი ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და თავისებურად ახითხითდა. ძალზე უნდოდა ანუკი გაეღვიძებინა და თოვლში სათამაშოდ გაეტყუებინა, მაგრამ დედიკოსთან ჩახუტებულ ცელქუნას ტკბილად ეძინა.
ბურბულაკს მოთმინების ფიალა აევსო, ჩამოქროლილ ქარს ტანში შეუჯდა და მასთან ერთად იქვე მდგომ ხეთა ტოტებიდან ახვეტილი თოვლი ფანჯარასთან მიაყარა.
ანუკი შეკრთა, გაეღვიძა და ლოგინში ჩათბუნებული, ისე რომ არც კი შეყოვნებულა სხარტად წამოხტა.
-დედი, დედუნი, ვიღაც ფანჯარაზე აკაკუნებს!-დასძახა დედამისს.
-ეგ ქარია… დაწექი, თორემ გაცივდები!-უხალისოდ შეეხმიანა იგი.
მაგრამ ანუკიმ მოპირდაპირე სახლის სახურავზე მომაჯადოებელ სითეთრეს მოჰკრა თვალი და უკვე ლოგინში ვინღა გააჩერებდა.
-ნახე, ნახე, მამიკო და ჯაკო რა ხანია ამდგარან და გაპარულან, ჯაკო ხომ ჩემზე პატარაა, ის უკვე თოვლში თამაშობს, მე კი…-არატრატდა გოგო.
დედა ბუზღუნით წამოდგა, ქმრის საქციელზე ბრაზობდა, ამდილაადრიან, თანაც ბავშვითურთ, იმ ყინვაში რა მიარბენინებდაო. მაგრამ რაკი ნახა სამზარეულოში ღუმელი ღუღუნებდა და ბინაშიც საგრძნობლად თბილოდა ხასიათი გამოუკეთდა, ანუკის სწრაფად ჩააცვა და ხელში ატატებული ფანჯარასთან მიიყვანა.
-რა ქათქათა ბუმბულია!-შესძახა გოგომ და რაღაცის სათქმელად შემზადებულ დედას, თითქოს ნიშანი მოუგო,-ვიცი, ვიცი ახლა შემისწორებ, ბუმბული კი არა, თოვლიაო, მე კი რატომღაც ცის ბუმბულს მაგონებს…
ქარის ტანში შემძვრალმა ბურბულაკმა ხიდან ძირს ისკუპა, თოვლში ამოიგანგლა და კაცი-თოჯინას სახე მიიღო.
-რა სასაცილო თოვლის პაპაა!-დაიჟღურტულა გოგომ.
ბურბულაკმა ონავარ ბიჭივით დაუსტვინა, თოვლის კაცუნას საფარიდან გამოძვრა და თითქოს მის სტვენაზე გამოჩენილ კუდიან ქართან ერთად წაიგუნდავა.
-რა სასაცილოა, ჰა!-თქვა სამზარეულოში შემოსული მამის მკლავზე დასკუპებულმა ჯაკომ.
-დახე, დახე ჯაკუნი, ახლა იმ პატარა ნაძვის გარშემო ტრიალებს, ნახე მგონი გირჩებისგან გაკეთებულ კაცუნასა ჰგავს…-მიეხმატკბილა დაიკო.
-კარსონივით ცელქია…-ბრძნულად წარმოთქვა დედამ, ანუკი სკამზე დასვა და ჯაკოს მიაშურა.
ცელქი კია, მაგრამ კარსონს სრულებით არ ჰგავს, ბურბულაკი მეტისმეტად ონავარი და თვალმაქცი ვინმეა… ხან ქარს შეუძვრება გულ-მუცელში და როგორღაც აიყოლიებს, ხან მზის სხივს, ხან წყალს, ხან ჩიტსა და ხან კიდევ რას… შიგადაშიგ მისი ოინბაზობით ჭკუაგაბნეულ ბავშვებს ბინიდან გაიტყუებს, აქეთ-იქით არბენინებს და ბოლოს ცხრა მთას იქით გადაკარგავს…-დინჯად განმარტა დედის ხელებში მოქცეულმა ჯაკომ და მამას თავმომწონედ გადახედა.
-რა კარგიაა!-ტაში შემოჰკრა გრძნობას აყოლილმა ანუკიმ.
-თავშესაქცევად თვალის მიდევნება ცოტა ხნით, მართლაც შეიძლება, მაგრამ დაუფიქრებლად არ უნდა აედევნოთ, თორემ ეს ონავარი ღმერმა იცის სად გაგიტყუებთ და მიგატოვებთ… სრულიად მოსალოდნელია უღრან ტყეში ან უკაცრიელ კუნძულზე ამოჰყოთ თავი…-თითქოს ჯაკოს ნათქვამი დაადასტურა მამამ.
-თუ ხელში ჩამივარდა, ერთს გემრიელად მივბერტყავ…-დედის გასაგონად ამაყად ჩაილაპარაკა განგებ გაბრაზებულმა ჯაკომ.
-ჰო, ჯაკუნი, დაიჭირე და ჩასცხე შენებურად!-გაუპირდა დაიკო. ცნობისმოყვარეობა კლავდა, ნეტა სიცელქეში ბურბულაკი როგორ მაჯობებსო.
მაგრამ მალე დედამ საუზმის თადარიგი დაიჭირა და ჯაკომც მასთან გადაინაცვლა.
გამბედაობით თავმომწონე ანუკის კი ერთი სული ჰქონდა, როდის მოიხელთებდა იმ ოინბაზს და სიცელქეში აჰყვებოდა. ფანჯარასთან მოუსვენრად ტრიალებდა. მაგრამ, ონავრობით გამორჩეული მრავალსახა ბურბულაკი, თითქოს პატარა ჯაკოს მუქარამ დააფრთხოო, არსად ჩანდა. და რადგან გარეთ მსუსხავი ქარი ქროდა ანოც გამოდარებას ნატრობდა.
დაძინებამდე, გვერდით მწოლ ძამიკოს ბურბულაკის შესახებ რაღაც-რაღაცეებს საიდუმლოდ ეჩურჩულებოდა; არწმუნებდა, ბურბულაკს გამოვიცნობო… ან კიდევ, კვალში მივყვები გასაქანს არ მივცემ, დავადგენ სად ცხოვრობს და სახლში გამოვკეტავო… ჯაკო მის ფანტაზიებზე შიგადაშიგ გულიანად იცინოდა. მერე ორივეს ღრმად ჩაეძინათ.
გამთენიისას შეფხიზლებულმა ანუკიმ იგრძნო, რომ თვალებზედ მზის სხივი დასთამაშებს… უმალ მიხვდა მზის სხივში შემალული ბურბულაკი იყო. ხელი ფრთხილად მიიტანა თვალთან და ბურბულაკის დაჭერა სცადა, მაგრამ ნაცადი ონავარი მზის სხივიდან გასხლტა და ჭუჭრუტანაში გაძვრა.
ანუკი მარჯვედ წამოდგა. ფანჯარასთან მიირბინა და რას ხედავს, აშარი ქარი იქაურობას გასცლია. მზიანი, წყნარი ამინდი დგას, თოვლი დნება… მოახლოებული გაზაფხულის სურნელით გულაჩქროლებული ჩიტუნები ხალისიანად ჭიკჭიკებენ.
აგერ მოუსვენარი, თვალებჭყეტია ბურბულაკიც, ეზოში პაწია გუბურასთან დახტის და ანუკის სათამაშოდ უხმობს.
გოგონას წინდაუხედავი ჯაკოს გაღვიძება არც კი უფიქრია, ჩუმად შეიმოსა და სამზარეულოში მოფუსფუსე დედის შეუმჩნევლად გარეთ გაიპარა.
მელნით გადათხაპნილ რვეულის ფურცელში შემალული ნაცადი ონავარი გოგოს ფეხებთან გაეთამაშა, მერე უცებ მოვარდნილ კუდიან ქართან ერთად მინდორი გადაიქროლა და ერთ ადგილზე მაცდუნებლად იწყო ფარაფატი.
აცეტებული გოგო გამოუდგა და ის იყო მირბენილს ფურცლისთვის ხელი უნდა ჩაევლო, რომ უცებ ბურბულაკმა იქვე ბოლობზეკით მოხტუნავე კაჭკაჭში გადაინაცვლა.
-ანო, ანუკი, დამიჭირე და ბედსა გწევ…-თითქოს ენა მოუჩლიქა მან და გაოცებისგან პირდაღებული გოგოს ცხვირწინ წამოფრინდა.
-როგორ, ლაპარაკი იცი?!-თვალები დააჭყიტა ბავშვმა.
-ანო, ანუკი, დამიჭირე და ბედსა გწევ!-კვლავ მიუხმო მან.
-განძს მაპოვნინებ თუ რა?-აცეტება დაემჩნა გოგოს.
-ანო, ანუკი, დამიჭირე, ბედსა გწევ…-დაჟინებით იმეორებდა იგი.
-რა ბედსა, რა ბედსა?!-დაუფიქრებლად მისდევდა ერთიანად ატაცებული გოგო.
ზოგჯერ მხოლოდ კაჭკაჭის ფრთებსა და გულმკერდზე მოკიაფე სითეთრეს ხედავდა.
თავგზააბნეულმა სად არ იძრომიალა… ერთიანად ტალახში მოისვარა, ხელ-ფეხიც დაიკაწრა და ასე თმაგაჩეჩილი და ალმურმოდებული ეზოს ბოლოში მდგომ ალვის ხესთან აღმოჩნდა, რომლის კენწეროზე შემომჯდარი ენაგატლეკილი კაჭკაჭი კვლავ ეძახდა:
-ანო, ანუკი, დამიჭირე და ბედსა გწევ!
-დაგიჭერ, დაგიჭერ!-ანუკი ხეზე ლამის კატასავით აცოცდა და მალე მის კენწეროში მოექცა, მაგრამ კაჭკაჭი თავის გზაზე გაფრინდა.
ბურბულაკმა ახლა ხის ტოტზე მისგან დანატოვარ თეთრ ბუმბულში გადაინაცვლა.
-დამიჭირე და ბედსა გწევ!-აქეზებდა ანუკის სუსტ ტოტზე გამოკიდულ ბუმბულიდან ნაცადი ონავარი.
და ის იყო აქეთ-იქით მოქნავე გოგო მის დასაჭერად უნდა გადახრილიყო, რომ უცებ ერთგული ძმის ხმა შემოესმა:
-ფრთხილად ანუკი!
ანუკიც გონს მოეგო. ახლაღა იგრძნო ხის კენწეროზე, რომ მოქცეულიყო და შიშისგან აკანკალდა.
-ნუ შეშინდები! ნელა, აუჩქარებლად ჩამოინაცვლე ქვემოთ, ბუმბულს მეტად აღარ შეხედო, ეგ ბურბულაკის ოინებია…-გულიანად შეეხმიანა ჯაკო, ვინაც ჯერ კიდევ ძილმღვიძარემ გუმანით იგრძნო თავისი ცელქი და, მასზე უფრო ცელქმა ბურბულაკმა, სახლიდან როგორ გაიტყუა…
შეფხიზლებული მსწრაფლ წამოდგა, ჩაიცვა და ეზოში ჩასული კვალში ჩაუდგა.
ანუკის ძველი გამბედაობა დაუბრუნდა, ნელა, საზრიანად ჩამოვიდა ხიდან და ძმას გადაეხვია…
-გმადლობთ ძამიკო!-უთხრა მერე მშველელს.
და უცებ, თვალებჭყეტია ბურბულაკი, კვლავ მზის სხივში შეძვრა, ანოს მხარზე დაასკუპდა და შეითამაშა.
გაბუტული ანო აღარ აჰყვა. თავის ძამიკოს ხელები მოჰხვია, წაიცეკვა და ბურბულაკის გამოსაჯავრებლად წაიმღერა:
-ბურბუუუ!
ძამიკო მიუხვდა.
-ლაკიი!-მხარი აუბა უმალ.
ნაცადი ონავრისთვის, არც მას მიუქცევია ყურადღება.
მალე სიცილ-კისკისად ქცეული და-ძმა გუბურაში ჩაჭიატებულ მზის სხივს ცეკვა-თამაშით უვლიდნენ მხარს.
-ბურბუუ!..-შეიძახებდა შიგადაშიგ რომელიმე.
-ლაკიი!..-მხარს აუბამდა მეორე.
სხივიდან გუბურაში, გუბურიდან ბუმბულში, ბუმბულიდან ცელოფნის პარკში, ცელოფნის პარკიდან ხის კენწეროში, ხის კენწეროდან უკან გადმოფრენილ კაჭკაჭში და ასე დაუსრულებლივ მოწრიალე ბურბულაკმა ვერაფრით მოახერხა მათი გატყუება.
დამიჭირე და ბედსა გწევ!-ნიშნის მოგებით გასძახა ბოლოს ანუკიმ, დედის დაძახილზე ძამიკოსთან ერთად სახლისკენ გაიქცა და უაზრო სიცელქე, თითქოს უკან მოიტოვა.
===
)(

საყურეებიანი ვირისა და კუდაბზიკა ჭიანჭველას ამბავი

იყო ერთი კეკლუცი ვირი, მშვენიერ საყურეებს ატარებდა. ჰყავდა დაქალი კურდღელი, რომელსაც იმ საყურეების ეშხი სწვავდა. კურდღლის სოროსთან ჭიანჭველების ქარავანი მიმოდიოდა. ქარავნის მეპატრონის, ცნობილი სოვდაგრის ბაჩანჩური ჭი-ჭი-ჭის მეუღლის კუდაბზიკა ბაჩანჩურას მზეზე აკაშკაშებული საყურეების ელვარება იმგვარად ხიბლავდა, რომ თავის უბაჩანჩურეს პერსონას, დღენიადაგ იმ საყურეებით მოკაზმულს ხედავდა და რადგან ვირი სრულებით ვერ ამჩნევდა, კურდღელთან დაახლოებას ცდილობდა. ყურცქვიტას დიდად არ ეპიტნავებოდა ამ ჭირვეული ქალბატონის ნაცნობობა, მაგრამ რა ექნა, შიშობდა, კუდაბზიკას თავის ქმართან ჩემზე რაიმე აუგი არ დაცდეს, თორემ განაწყენებული ჭი-ჭი-ჭი საქარავნო გზას, ზედ ჩემს სოროზე გადაატარებსო.
კი, ვთქვათ შეურაცხყოფილი კურდღელი დახოცავდა ათასამდე მექარავნეს, მაგრამ მერე რა, ჭიანჭველათ ამქარს, ეს დანაკარგი არც დაეტყობოდა, ოღონდ, თავად სოვდაგარს სამკვდრო- სასიცოცხლოდ წაიკიდებდა და ნებავდა თუ არა, ის მშვენიერი სორო უნდა მიეტოვებინა.
ბოლოს და ბოლოს გულს გამაწყალებლად მიზანსწრაფული კუდაბზიკა, თითქოს დაუმეგობრდა კიდეც. სოროსთან დასკუპებული მასთან ერთად ტკბებოდა შორიახლო, მდელოზე ბალახის ძოვით გართული ვირის ყურებზე მბრწყინავი საყურეების თვალთვალით. შიგადაშიგ, ერთად ამოიხრებდნენ კიდეც და კურდღელი ბაჩანჩურას თხოვნით მერამდენედ აღწერდა ვირის სამკაულს.
-იქნებ დათმოს და მომყიდოს…-კვლავ გაუმხილა გულის ხვაშიადი მზისყურს მიფიცხებულმა კუდაბზიკამ,-ხომ კარგად იცით, ჭი-ჭი-ჭი ჩემთვის არაფერს დაიშურებს…
-არა, გაგონებაც არ სურს, თქვენს გამოვეხვეწე, აბა, მე სად გამაცნია ამგვარი თვალწარმტაცი საყურეების შესაძენი თანახა, მაგრამ ისეთი ყროყინი ატეხა, ვიფიქრე ჰააჰ! ცა ჩამოინგრევა მეთქი…-თავისებურად საქმეში შევიდა ყურცქვიტა.
-რა უბედური ვარ…-წაიცრემლა ბაჩანჩურამ.
მეგობარმა დამშვიდება დაუწყო და უცებ, თითქოს თავში შემთხვევით გაუელვაო, ისე გაიფიქრა: ”კი მაგრამ, ვგონებ ყურის ბიბილო არა აქვს და ვირის საყურეები რა ჭირად უნდა?!” -მაგრამ უტაქტობაში ჩამეთვლებაო და არაფერი თქვა.
-რა უბედური ვარ…-იცრემლებოდა კუდაბზიკა,-ქალბატონ ვირს აქეთკენ ჩამოსეირნება არ უყვარს და გამაოგნებელი სამშვენისის წესიერად შეთვალიერების საშუალებაც კი არ გამაჩნია. არადა, მის საყვარელ მდელომდე გამგზავრება, რომ გავბედო, ალბათ გზაში დამიზამთრდება კიდეც, თან ასე დიდი ხნით, არც ოჯახის მიტოვება ივარგებს…-დაიჩივლა ვირის საყურეებით გულდამწვარმა.
კურდღელს ძალზე მოუნდა რითიმე დახმარებოდა და უცებ, თითქოს გონება გაუნათდა:
-ქალბატონო ბაჩანჩურა!-მიმართა თავაზიანად,-თუ პატივს დამდებთ და ზურგზე შემაცოცდებით, უმალვე მიგაბრძანებთ ჩემს დაქალ ვირთან, წარგადგენთ კიდეც, რამდენიც გენებოთ დატკბით საყურეების ცქერით და მერე უკანვე გამოგაქროლებთ…
-ეს როგორ?!-დაიძაბა ბაჩანჩურა.
-როგორ და ჯერ ფეხზე შემაცოცდით, როგორც კი, ჩემს ზურგზე საიმედოდ მოკალათდებით, პირობას გაძლევთ, ორიოდ წუთში, იქ ვიქნებით!- გაეპასუხა კურდღელი.
-რა კარგია!-გაიხარა კუდაბზიკამ, აღტაცებული დაფაცურდა და შეაცოცდა.
სახედარმა კურდღლის დანახვაზე მგძნობიარედ დაიყროყინა, ყურცქვიტამ პირი გააცმაცუნა და ქალბატონი ბაჩანჩურა წარუდგინა. მაგრამ მან უხერხულობის ნიშნად ყურები გააპარტყუნა, რადგან კურღლის ბეწვში ჩამალულ კუდაბზიკას უბრალო თვალით კი არადა, ალბათ ჭოგრითაც ვერ აღმოაჩენდა.
საყურეების ხილვით გონმიბნედილ ჭიანჭველას კი, მოეჩვენა დიდყურა თავისთან მეპატიჟებაო, იმედი ჩაესახა, იქნებ სამშვენისის მორგების უფლებაც მომცესო და კურდღლის ზურგიდან ჩამოძვრა. სამკაულის ბრჭყვიალით დაბრმავებული, თითქმის ვერაფერს ხედავდა, მაგრამ, სანამ ყურცქვიტა დაქალთან ჭორაობდა, ვირს წინა ფეხის ჩლიქზე ააცოცდა და იფიქრებდით ფრთები გამოესხაო, ზემოთკენ ისე გაუჩქარა. მოექცა თუ არა, მოკლედ, მოდურად შეკრეჭილ ფაფარზე, ორივე საყურის ერთდროულად შეთვალიერების სურვილით აღტაცებულმა კისერი ძალუმად წაიწვდინა და მოეჩვენა, ჩემთვის ძვირფასი სამკაულით მოვიკაზმეო.
საყურეები კი, ერთი უბრალო, ფერადი შუშის ნამსხვრევებისა იყო, ერთხელ ჯაგნარში გაძვრომისას, რომ წამოსდებოდა სახედარს ტალახიან ყურებზე და მას შემდეგ, ასე ”თვალისმომჭრელად” დაატარებდა.
ბაჩანჩურა ნეტარებას მოეცვა, მოდურად შეკრეჭილ ფაფარზე აკეკლუცებული, თავს შეუსვენებლივ აცანცარებდა, რათა ვითომდაც მორგებული საყურეების რხევით დამტკბარიყო.
კურდღელმა მოათავა ვირთან ჭორაობა და ჭიანჭველა არც კი მოგონებია, ისე მოკურცხლა შეგულებულ ბოსტნისკენ, სადაც ზუსტად მისთვის დაგებულ მახეში გაება.
ვირის ფაფარზე აკეკლუცებულ კუდაბზიკა ბაჩანჩურას საყურეების გარდა აღარაფერი ახსოვდა. დარეტიანებული, კვლავ თავმომწონედ აქანქარებდა თავს… და უცებ ვირი უშნოდ აყროყინდა, იმავდროულად ქარბორბალა დატრიალდა, სიჯიუტით განთქმული გრძელყურება ლამის ამოაყირავა, მაგრამ იგი ჭიანჭველას სიმძიმემ ბეწვზე იხსნა და ისე რომ ყროყინი არ შეუწყვეტია ისევ ოთხ ფეხზე გამაგრდა.
ყროყინამ იგრძნო ჭიანჭველას სიმძიმემ რომ გადაარჩინა და გულაჩვილებულმა მის ზურგზე მონებივრე არსებას ჰკითხა, მადლობა, როგორ გადაიგიხადოო…
-შენ საყურეები ატარე, მე კი შევიფერებო…-მიუგო ბედნიერმა კუდაბზიკამ.
და ვირმაც პირველად იგრძნო მეგობრული ალერსი.
სოვდაგარ ბაჩანჩურ ჭი-ჭიჭიმ დაკარგული მეუღლე მზის ჩასვლამდე იგლოვა, მერე ტომში დამკვიდრებული წესისამებრ თავი ქვრივად გამოაცხადა და ტურფა ბზიკა-ბზიკას დაადგა თვალი.
რა იცოდა, რომ მასაც, მდელოზე ბალახის ძოვით გართული ვირის საყურეების ეშხი სწვავდა…
===
)(
კნიპსა ბუშტისროლია პლანეტიდან

ბუშტისროლია პლანეტა დიდი უგულო ვინმე იყო. თავისი ჭკუით, სრულიად ვარსკლავეთის შემოვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ალბათ მთელ თავის სიცოცხლეს მოგზაურობაში გალევდა. ნებაზე რომ ექროლა, წამდაუწუმ ისროდა ცხელ ორთქლში გახვეულ გამჭირვალე ბუშტებს, რომლებშიც მის გულ-მუცელში გამოჩეკილი პაწია არსებები ისხდნენ. ბუშტები უმალვე სკდებოდნენ და უცაბედად დაქროლილი ჰაერის წყალობით, ეს ჩვენი ხეტიალა ხან აქეთ და ხან იქით მიექანებოდა. ამგვარი ბარბაცა სვლის გამო, ბევრი ასტრონომი მთვრალ პლანეტასაც ეძახდა. ამას ვინ დაგიდევდათ, უბედურება ის გახლდათ, პაწაწუნები ვერ ასწრებდნენ მოშუშებას და საფარველის გახევისთანავე იღუპებოდნენ.
მაგრამ ერთ-ერთ აპკოვან პარკში გამოჩეკილი პაწია არსება, სახელად კნიპსა, გაჩენისთანავე მეტად საზრიანი გამოდგა, უმალვე იგრძნო რა საშიშროებაც ელოდა და თავისი მგრძნობიარე ნერწყვით ბუშტი-საფარველი ისე საგულდაგულოდ ამოწება, რომ სხვა ბუშტებთან შეხლა-შემოხლამ ვერაფერი ავნო. საფარველში შერჩენილი ჰაერი და მის კედლებზე ცვარივით მიმობნეული წყლისმაგვარი მკვებავი სითხე კარგა ხანს ეყო საგზლად, მაგრამ თანდათანობით იმ ბუშტივით სრულებით გამჭვირვალე გახდა, რაც ალბათ, მასავით დაუცველ, მარტოხელა არსებისთვის სასარგებლოც იყო, რამეთუ, ისე ადვილად ვერავინ შეამჩნევდა. ის კი, არადა, ალბათ საერთოდ უჩინარი გახდებოდა კოსმიურ ქარს დედამიწისკენ, რომ არ წამოეღო.
ბედად, კნიპსას ბუშტი, იმ ახალგაზრდა კაკლის ხის წვეროს წამოედო, რომლის ძირში ზღაპრების საოცრად დიდი მოყვარული გოგო და მისი ძმა ჯაკო თამაშობდნენ. კნიპსას ძალზე მოეწონა პატარები და მათი გაცნობა გადაწყვიტა, მაგრამ მიწაზე დაშვებისა ეშინოდა, ფიქრობდა ვერ ამჩნევდნენ; რომელიმე მათგანი შემთხვევით ფეხს გამკრავს, ბუშტ-საფარველს ტალახით მომისვრის და ვინ იცის, მერე ამას რა მოჰყვებაო…
უცებ ანუკი და ჯაკო კაკლის ხეს დაეძგერნენ, რათა ლენჯოიანი კაკლები ჩამოეგდოთ, რადგან ანუკის ძალზე უყვარდა წენგოთი ხელ-პირის მოთხუპვნა და ჯაკოსაც, ვითომდაც ამერიკელ ინდიელივით მოუხატავდა სახეს.
-არ ჩამომაგდოთ, კარგებო, არ ჩამომაგდოთ!-საამო ხმით ჩამოსძახა მათ კნიპსამ.
-შენ კაკალო, ლაპარაკი დაიწყე?!-აბა, დამენახე რომელი ხარ!
კნიპსა ფოთლიდან ფოთოლზე ჩამოცურდა და იმის იმედით ვერ შემამჩნევენო, ბავშვების ცხვირწინ არხეინად შეითამაშა.
მაგრამ ანუკის მახვილ თვალს, აბა რა გამოეპარებოდა.
-უიმე, კნიპსა!-იყვირა მან, აქ, როგორ გაჩნდი? ალბათ, რა შორი გზა გამოიარე, ნახე ჯაკო, რა კოხტა და რა გამჭირვალეა…-თავის ძმას დაანახვა სახალისო სტუმარი.
-რა სასაცილო ვინმეა, ჰაა?!-თავისებური ბრძნული იერი წარმოთქვა ჯაკომ.
კნიპსა გაოცდა, ეს რა გონებამახვილი ბავშვები ყოფილანო და ცოტა არ იყოს დაბნეულმა იკითხა:
-ყმაწვილებო, თქვენ, ჩემსავით ბუშტისროლია პლანეტიდან ხომ არ მოფრენილხართ?..
ანუკი კისკისად იქცა.
-კნიპსა, კნიპსულია, მოდი ერთი გემრიელად მოგეფერო…-მისკენ ხელი გაიწვდინა.
მაგრამ კნიპსა გაფრთხიალდა, არაფერი მავნოსო და ზემოთა ფოთოლზე გადაინაცვლა.
-შენ რა, მოსაფერებლად არ მიჩერდები?!-გაებუტა ანუკი.
-დამშვიდდი დობილო, გაცნობასაც თავისებური სიფრთხილე უნდა, მე ხომ, სხვა სამყაროდან მოფრენილი ვარ, იქნებ შენი მოფერება სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჯერხანობით ერთურთის ცქერით დავტკბეთ, მერე ცხოვრება გვიჩვენებს…-ენად გაიკრიფა ბუშტისროლია პლანეტის პირმშო.
-მართალს ამბობს, ჯერ მოუშინაურდეს აქაურობას, რა იცი, ეგ ბუშტი, რომ შემოეცალოს, იქნებ, მართლაც დაუშავდეს რამე…-განჭვრიტა ჯაკომ.
-არაფერიც არ დაუშავდება, ეგ, ხომ კნიპსაა, ბუშტისროლია პლანეტიდან, არ გახსოვს, მისი ამბავი, ამას წინათ, კაკლის ხის ფოთლებსი ჩახვეულმა ნიავმა არ ჩამოგვიმღერა…-ნიშნის მოგებით გადაულაპარაკა დაიკომ და ფოთოლზე გარინდულ სტუმარს უთანაგრძო,-ისე, რა გასაკვირია, ასე დაშინებული რომ ხარ, ალბათ, გგონია ყველანი დედაშენივით ავგულია, ოღონდა იმოგზაუროს და შვილები რაში ენაღვლება, საკვირველია პირდაპირ, თავად უთავბოლოდ დაწანწალებს, მთელს ვარსკლავეთში დაჭორაობს, საკუთარი შვილებისა კი, არაფერი უწყის?!
-ჰო, ალბათ მართლაც ასეა…-მოიწყინა კნიპსამ და ყოყმანი დაეტყო,-მაგრამ იცით რა,-წამოიწყო მერე გაუბედავად,-კოსმოში, ერთგან იმასაც მოვკარი ყური, რომ ჩემი ბუშტისროლია დედიკო, სრულიად არ არის ხეტიალა და უგულო. ამ ჩემს საფარველივით გამჭვირვალე ბუშტებს კი, პროფილაქტიკის მიზნით მიმოფანტავს. ასე რომ არ იქცეოდეს, კოსმოსს, თურმე შხამიანი ბუშტუკები მოედებოდნენ. იცით, რა თვალმაქცები არიან, ზეცაში ხან იქ და ხან აქ, ვითომდაც ლამაზ ფერებად ამოეფინებიან, ისე კი, ატმოსფეროს წამლავენ, მაგრამ იქ, სადაც ჩემი დედიკო გზადაგზა გამჭვირვალე ბუშტებს მიმოფანტავს, ყველაფერს კრიალი გაუდის და ჭუჭყის მოყვარული შხამიანები შიმშილით იხოცებიან…
-მაგრამ იმ ბუშტებში გამოჩეკილი პაწიებიც ხომ უმალვე იღუპებიან?!-ვეღარ მოითმინა ანომ.
კნიპსამ პაწია მხრები აიჩეჩა.
-აი, მე რომ ასტრონავტი გავხდები, ჩემი კოსმიური ხომალდით იმ შენს ბუშტისროლია დედიკოს დავეწევი, ხელს ჩავავლებ, წამოვიყვან და ჩვენი დედამიწის გარშემო მოტრიალე თანამგზავრებს ჩავუბამ…-ფრიად სერიოზულად დაიქადნა ჯაკომ.
-ჰო, ჰო ჯაკომანდრო, მაშინ გულ-მუცელში დაგროვილი ცხელი ორთქლის გამოშვებაც დროგამოშვებით მოუწევს და პაწია კნიპსებიც აღარ დაიხოცებიან…-წაიოცნება ანომ.
-რა კარგი იქნება!-გაეხარდა კნიპსას,-უამრავზე უამრავი დაიკო და ძამიკო მეყოლება!-და ფოთლიდან ფოთოლზე მოხტუნავემ და-ძმას გაუმხილა,-ძალიან მომწონხართ, დავრჩები თქვენთან…
-რა კარგიაა!-თავისებურად შეიკუნტრუშა ანუკიმ.
-როცა დაიღლება, შეგიძლია ამ კაკლის ფოთლებზე მოისვენო, ან აი, ზემოთ რომელსამე ბამბაქულა ღრუბელზე იკოტრიალო…-გაუპირდა ჯაკო.
-დიახაც, თქვენი ეზოს ცას ვუდარაჯებ, ვიცი იმ ბუშტუკ-ბუშტარებს ჩემი შიშიც ააქვთ…-ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა კნიპსამ და უცებ მხიარულად ჩაიმღერა:
შხამა ბუშტუკ-ბუშტარა,
ეშმაკს ედგა მუშტრადა,
ვითომ სახემღიმარი,
მიცქეროდა კუშტადა!
-აი, ანო ბუშტების წვიმა წამოვიდა!-დინჯად წარმოთქვა ცას მიჩერებულმა ჯაკომ.
მართლაც ცის თაღთან გამჭვირვალე ბუშტები ცვიოდნენ, მაგრამ იქვე, გამოჩენისთანავე უკვალოდ ქრებოდნენ…
-უიმე, ეტყობა, სადღაც ახლოს დედაჩემმა გადააფრინა!-შეიფრთხიალდა კნიპსა და მოულოდნელად იმ თავის ბუშტში, ისე თავგანწირვით დაბზრიალდა, რომ მასთან ერთად უმალვე ზეცისკენ აიჭრა,-მშვიდობით კარგებო, მე თქვენ ძალიან, ძალიან მომწონხართ, მაგრამ დედიკო მომენატრა!-მობოდიშების კილოთი ჩამოსძახა ახალშეძენილ მეგობრებს და ბამბაქულა ღრუბლის იქით გაუჩინარდა.
-მშვიდობით გეფრინოს!-დაადევნა ანუკიმ.
-ეეჰ, რას ვიზამთ, მაინც დედიკოსთან ყოფნა ურჩევნია…-თანაგრძნობით ჩაილაპარაკა ჯაკომ.

)(
აუკა-თოჯი
/\

პატარა ქალს, ანუკის მეტისმეტად მოსწონდა თოჯინების მორთვა-მოკაზმვა. ბოლოს, ამ საქმეში ისე გაიწაფა, რომ ბევრ, ტანსაცმლის ნამდვილ მემოდელესაც კი შეშურდებოდა მისი ნახელავი. დეიდა დალის ნაჩუქარ ბარბისაც გამომწვევად დაადგა თვალი.
დედა მიუხვდა განზრახვას, ვეღარ მოითმინა და უსაყვედურა:
-ნახე, რა მშვენიერი ტანსაცმელი აცვია, ნეტა, უკეთეს რას შეუკერავ?!
-კი, კოხტად აცვია, მაგრამ ჩემი შეკერილი ბევრად უფრო მოუხდება და მოდელების საჩვენებელ კონკურსზე პირველ პრიზსაც ადვილად მოიპოვებს…-დამაჯერებლად მიუგო პატარა ქალმა.
მართლაც, რომ უცნაური გოგო მეზრდებაო, ფარული სიამაყით გაიფიქრა დედამ.
ანუკიმ ერთხანს ყურადღებით დაათვალიერა სამოსშემოცლილი თოჯინა, მერე დედიკოს სიყმაწვილისდროინდელ კაბებიდან საუკეთესო შეარჩია, თერძის დიდი მაკრატელი მოიმარჯვა და ისე როგორც ჩვეოდა, რაიმე თარგის მოშველიების გარეშე დედოფალას მოსართავი კაბის გამოჭრას შეუდგა.
ისე უელავდა თვალები, ისე ოსტატურად ათამაშებდა მაკრატელს, გეგონებოდათ, ფარულად უცნაურ საკრავზე უკრავსო. მერე ძაფიანი ნემსიც მოიმარჯავა, გამონაჭერს ბლანდი დაადო და აქა-იქ ”ნაოჭებიც” დაუყენა. კაბა თოჯინას მოარგო, კარგა ხანს ისასწაულა თავისი პაწია ხელებით, ბოლოს გააძრო, ერთხელ კიდევ გადასინჯა და დედის ნაჩუქარ საკერავ მანქანაზე სხვადასხვაგვარად დააგვირისტა.
შეკერილი კაბა ფაქიზად დააუთოა, დედოფალას ფრთხილად ჩააცვა და მისი მორთვით ისე გაერთო დედამ ვახშამი ძლივს შეაჭამა.
ასე, როგორ შეიძლებაო, უსაყვედურა მშობელმა, თან შიგადაშიგ გაოცებით გადახედავდა მის ნახელავს და უნებლიეთ ფიქრობდა:
ამ კაბამ და მორთულობამ ეს თოჯინა, თითქოსდა გააცოცხლაო…
-ნამდვილი მემოდელე მეზრდები…-სიყვარულით შესჩურჩულა შვილს და მიანიშნა, დღეს, ძალზე ბევრი იშრომე, დაიღლებოდი და იქნებ დაიძინოო…
ანუკი დათანხმდა, სავარძელში დასკუპებული თოჯინა აიღო და გაჰყვა.
-აუკი!-წამოცდა უცებ დედოფალას მინავლებული ხმით.
პატარა მოდელერმა ღიმილით დახედა მკერდში ჩახუტებულს და ურჩია:
-ცოტათი შენც მოისვენე, წინ დიდი გზა გელის…
ლოგინში ჩაწოლილ ანუკის მალე ტკბილად ეძინა. მის ახლოს, ბალიშის კიდეზე თავმიდებული თოჯინაც მძინარეს ჰგავდა.
მერე ღია ფანჯარაში ნათელმა მთვარემ შემოიხედა. თოჯინა ჯადოსნურ შუქში გაახვია და მაინც ძალუმად შეიგრძნო ანუკის შეკერილი ულამაზესი კაბა, რომ ეცვა.
როგორც ყოველ ქალს, მასაც ძალზე მოუნდა ლამაზი, ზღაპრულად მომხიბლავი კაბით თავის მოწონება. ჯადოქარი მთვარის შეწევნით სიცოცხლით აივსო და გამთენიისას საოცრად მომხიბლელ გოგონად გადაიქცა. ჩიტივით წამოფრთხიალადა, ღრმა ძილში მყოფ ანუკის კეკლუცად გაუღიმა, ცოტა წაიცეკვა და ღიაა ფანჯარაში გაფრინდა.
და ალბათ დაიმტვრეოდა, მაგრამ მილეული მთვარის კიდეზე ალმაცერად არეკლიმა მზის სხივმა მიიტაცა და იგი დედამიწის სხვა მხარეს, საქვეყნოდ ცნობილ ქალაქის ულამაზეს შადრევანთან შეუმჩნევლად დაეშვა.
გრძელი, ნატიფი თითები შემოფრქვეულ წყლის წვეთებში შეათამაშა, მერე იმ თითებით ანუკის დავარცხნილი, მსუბუქზე მსუბუქი თმა შეისწორა და ქუჩას მომხიბლელად გაუყვა.
მიმომსვლელნი აღტაცებით უცქერდნენ; ხან ცნობილ მოდელს, ხან ფოტომოდელს და ხანაც კინოვარსკლავს ადრიდნენ…
თურმე, იმ ქალაქის საქვეყნოდ ცნობილ სილამაზის სასახლეში, ტანსაცმლის მოდელების გრანდიოზული კონკურსი მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა, ყველა იმ კონკურსის მონაწილედ მიიჩნევდა.
მდიდრული ავტომობილიდან გადმოსულმა ჭაღარა, სიმპათიურმა მამაკაცმა მის დანახვბაზე აღფრთოვანება ვერ დამალა, სასახლეში ელეგანტურად მიიიპატიჟა და ქათინაური უძღვნა:
-შეუდარებლად ლამაზს, სამოსიც შეუდარებლად მომხიბლავი გაცვიათ…-კულისებში თავად მიაცილა და ინტერესით ჰკითხა,-კი მაგრამ, ვისი მოდელი ბრძანდებით?!
-აუკა-თოჯი!-მომხიბლელი მელოდიურობით მიუგო თოჯი-ქალმა და სხვა მოდელებთან ერთად სცენას მიაშურა.
ჭაღაროსანმა იფიქრა, ალბათ, რომელიღაც ცნობილი ფირმა იმალება ამ დასახელების უკანო და თანამშეწეს სათანადო მითითება მისცა.
აუკა-თოჯის დანახვაზე დარბაზი ჯერ, როგორც ერთი ადამიანი ისე გაირინდა, მერე იხუვლა და და იქაურობა სტვენააყოლილმა ტაშისცემამ შეაზანზარა.
…ანუკის თვალებში მზის სხივმა ჩაუჭყიტა და გააღვიძა. პატარამ უმალ იგრძნო, დედოფალა მის გვერდით, რომ არ იყო.
-ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერასად ვერ ვიპოვე, ალბათ ოთახში ის საძაგელი ლეკვი შემოძვრა, კბილები ჩაავლო და ეზოში წაათრია. დამალავდა სადმე, ერთად მოვძებნოთ…-დაუყვავა ოთახში შემოსულმა დედამ.
-არა, ლეკვი არაფერ შუაშია,-არხეინად მიუგო შვილმა,-ჩემი შეკერილი კაბით, რომ მოვრთე მაშინვე დაეტყო, ისე გამოპრანჭული, აქ, დიდხანს ვეღარ გაჩერდებოდა…
დედას კეთილად გაეღიმა, თვალები ამოუკოცნა და ჩაცმაში შეეშველა.
-ტყუილად დამცინი, აი ნახავ, ჩემმა მოდელმა პირველი პრიზი თუ არ დაიმსახუროს!-ამაყად შეესიტყვა იგი.
დედამ კვლავ ამოუკოცნა გაცისკროვნებული თვალები, მერე ხელ-პირი დააბანინა, ასაუზმა და ტელევიზორის ჩართვის ნებაც დართო.
ანუკიმ ხან ერთ, ხან მეორე ღილაკს დააჭირა თითი და უცებ ეკრანზე პოდიუმის მუსიკის ხმაზე, აუკი-თოჯი გამოჩნდა.
პატარა ქალს, რა თქმა უნდა, ეს დიდად არ გაკვირვებია, გაეხარდა კი, სავარძელში ჩასკუპდა და დედას უხმო.
-მისის სამყარო!-ომახიანად შესძახა თოჯი-ქალთან შემდგარმა, ჭაღარა, სიმპათიურმა მამაკაცმა და გამარჯვებულის კაბაზე ძვირფასი თვალით შემკული ქინძისთავი დაამაგრა.
-უი, როგორ ჰგავს შენს შეკერილ კაბას?!-გაოცება ვერ დამალა დედამ.
-ჰგავს კი არა, სწორად ისააა, ნუთუ ჩემი თოჯი ვერ იცანი?!-უსაყვედურა პატარა ქალმა და სიამაყნარევი სინანულით გააგრძელა,-ასეა, ამ მოდელების საქმე, მორთავ, მოკაზმავ, მზეთუნახავად აქცევ და მერე ცხვირს აგიბზუებენ…
დედას ერთხანს ხმა არ გაუღია, შემდეგ კი, გაუბედავად გაიფიქრა:
”აუკა-თოჯი?! პირდაპირ ზღაპარია…”
ჭაღარა, სიმპათიური მამაკაცი კი ენამჭევრობდა:
-მოდის მინისტრი მადამ როზი ბერტინი, პარიზის მოდის წარჩინებული წარმომადგენელი პოლ პუარე, განუმეორებელი კოკო შანელი, კრისტიან დიორი, კარდენი, ბალმუა, ცნობილი არმანი, რომელმაც პირველად ჩააცვა ქალს მამაკაცის პიჯაკი და სხვები, მაგრამ აუკა-თოჯი, მართლაც რომ სამყაროს მშვენებაა!!!
===
)(

/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

იხილეთ:

ზღაპრები... Tales...

/\

იგავ-არაკები, ზღაპრები… Fables, fairy tales…

/\

ზღაპარ იყო… / It was a fairy-tale...

)(
=======

====
/\
========
საძიებელიThe index


გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

========
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
\=/
ჩემი ბლოგები:
мои блоги:

My blogs:
.\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...


GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR

GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR
GOGEJANR

Gogejanr’s Blog


GOGEJANR
GOGEJANR

GOGEJANR.

GOGEJANR

GOGEJANR

GOGEJANR

GOGEJANR

GOGEJANRGOGEJANR
JVJ Home Page

\
========
შინაარსი - Content:
მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
***
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
Занимательные строфы... Джанри Гогешвили / Diverti...
***Занимательные строфы / Diverting stanzas…
***
”…რეჟიმი უნდა გასამართლდეს…” / “…Режим должен быть...  
*
იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია... /“არა ძალადობას”/ ”/ Police function of immunity… / ‘No violence’/
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...
”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)


/\
=======

საძიებელი ”დატყვევებულ” ვებ-საიტისა; (gogejanr.blogspot.com)ზე), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”.../
გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
========
========
/\

სხვადასხვა...
Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili Poems by /from poet Janri Gogeshvili best love poem famous poets ...
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======
© გახსოვდეთ!..”საავტორო უფლება”
=======

========
since 2
--> July ... 2009
free counters
=======

ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V

-->
-->

-->

Комментариев нет:

Отправить комментарий

Постоянные читатели

Обо мне

Моя фотография
ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, იუმორისტი, მეზღაპრე, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик, поэт, драматург, юморист, сказочник, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, humorist, storyteller, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia.